ზელენსკი G7-ის ლიდერებს: უკრაინის აღდგენისთვის გვჭირდება მკაფიო გეგმა, რომელიც „მარშალის გეგმის“ მსგავსი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად მკაფიო გეგმა შეიმუშაონ, რომელიც „მარშალის გეგმის“ მსგავსი იქნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ გვჭირდება მკაფიო გეგმა აღდგენისთვის, მარშალის გეგმის მსგავსი, რომელიც [მეორე მსოფლიო] ომის შემდეგ ევროპისთვის შეიქმნა”, – განაცხადა ზელენსკიმ აშშ-სა და ევროპას შორის ისტორიული გეგმის შესახებ საუბრისას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურებული კონტინენტის აღდგენას ხელი შეუწყო.

„მეგობრებო, მოდით, ერთად შევადგინოთ აღდგენის ასეთი გეგმა და დავადასტუროთ ის ერთობლივი G7-plus  დეკლარაციით – აღდგენის დეკლარაციით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ჯგუფს, შეთანხმდნენ აღდგენის გეგმაზე „ვაშინგტონში ნატოს სამიტის დროს“, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიმართება.