პუტინი: კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რუსეთს უკრაინაში ომი არ დაუწყია

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში“ რუსეთის ფედერაციას ომი უკრაინაში არ დაუწყია. საომარი მოქმედებები კიევის რეჟიმმა დაიწყო და აგრძელებს“, – აღნიშნულის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„დასავლეთში გამუდმებით ისმის თეზისი, რომ თითქოს რუსეთმა ომი დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში, რომ ის არის აგრესორი.  ამიტომ, მის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის სისტემების გამოყენებით შეიძლება დარტყმები მოხდეს. ვითომ, უკრაინა თავს იცავს და შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთს არ დაუწყია ომი“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ უკრაინის გარკვეული ნაწილის მცხოვრებლებმა „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოაცხადეს თავიანთი დამოუკიდებლობა“.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ყველა, ვინც ბოლო წლებში კიევის რეჟიმის სამხედრო მანქანას დაეხმარა, აგრესორების თანამონაწილეა.