რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით გამოწვეული ყველა დანაკარგი უნდა აუნაზღაუროს. 2023 წლის ბოლოს ეს იყო 486 მილიარდი აშშ დოლარი. ამის შესახებ იტალიაში გამართული დიდი შვიდეულის (G7-ის) სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული, იუწყება უკრაინული მედია.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიის უკანონო ომი და გადაიხადოს ზიანისთვის, რომელიც მან უკრაინას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. არასწორი იქნება, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს, როდის გადაიხდის უკრაინისთვის მიყენებული ზარალის გამო და, საერთოდ, გადაიხდის თუ არა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, რუსეთის ვალდებულება, გადაიხადოს მიყენებული ზარალისთვის, აშკარაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
G7-ის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისინი განაგრძობენ ყველა შესაძლო სამართლებრივი გზების განხილვას, რათა რუსეთი აიძულონ, უკრაინას მიყენებული ზიანისთვის გადაუხადოს. დიდი შვიდეული ასევე ადასტურებს „ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ვიდრე საჭირო იქნება“.
„ჩვენ კვლავ მტკიცედ ვართ მოწოდებული, გავაქარწყლოთ ყოველგვარი მცდარი მოსაზრება, თითქოს დრო რუსეთის მხარეზეა, რომ [უკრაინის] ინფრასტრუქტურისა და საარსებო წყაროს განადგურებას რუსეთისთვის არანაირი შედეგი არ მოჰყვება, ან რომ რუსეთს შეუძლია, გამარჯვებას უკრაინის ეკონომიკური ვარდნის გამოწვევით მიაღწიოს“, – ნათქვამია კომუნიკეში.