2023 წელს ბირთვული იარაღით შეიარაღებულმა ცხრა სახელმწიფომ ჯამში 91.4 მილიარდი დოლარი დახარჯა თავის არსენალზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის „საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გაუქმების მიზნით” ანგარიშში.
მოხსენების თანახმად, 2023 წელს ბირთვულ იარაღზე გლობალური დანახარჯების 10.7 მილიარდი დოლარით ზრდა იყო 2022 წელთან შედარებით, ამ ზრდის 80 პროცენტი კი შეერთებულ შტატებზე მოდის. აშშ-ის წილი მთლიან ხარჯებში, 51.5 მილიარდი დოლარი, მეტია, ვიდრე ყველა სხვა ბირთვული შეიარაღებული ქვეყანა ერთად აღებული.
„უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში აღინიშნა ამ ყველაზე არაჰუმანური და დესტრუქციული იარაღის შემუშავებაზე გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია“, – განაცხადა „საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გაუქმების მიზნით” პოლიტიკისა და კვლევის კოორდინატორმა, ალისია სანდერს-ზაკრემ.
ბირთვული არსენალის განახლებაზე გაწეული ხარჯებით მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომელმაც 11.8 მილიარდი დოლარი დახარჯა, მესამეზე კი რუსეთი, რომლის ხარჯი 8.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ მონაცემებით, დაახლოებით 2 100 ქობინი ინახებოდა მაღალ ოპერატიულ მზადყოფნაში და თითქმის ყველა ეკუთვნის რუსეთს ან აშშ-ს. რუსეთი და შეერთებული შტატები ერთად ფლობენ ბირთვული იარაღის თითქმის 90 პროცენტს.