ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
ლიდერებმა ამ საკითხზე სასაუბროდ ბრიუსელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს, თუმცა შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მათ კონსენსუსისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
„ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა აზრთა მიმოცვლის, არჩევნების შედეგების გათვალისწინებისა და ევროსაბჭოს ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებისთვის, რომელიც მომავალ კვირას აქ, ბრიუსელში გაიმართება.
ვფიქრობ, მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ დღეს ამ ეტაპისთვის შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია.
დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო ნაბიჯი იყო შემდეგი ევროპული საბჭოსთვის მოსამზადებლად. მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება მომავალ ოფიციალურ ევროპულ საბჭოზე, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ 5 წლით, შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.