ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388.
ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ დორტმუნდში თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.