ზამბიაში სპილომ ამერიკელი ტურისტი მოკლა

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ზამბიის ქალაქ ლივინგსტონში 19 ივნისს სპილომ ამერიკელი ტურისტი მოკლა.

ოფიციალურმა პირებმა გუშინ, 21 ივნისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 64 წლის ჯულიანა გლე ტურნო იყო ტურისტების ჯგუფში, რომელიც სპილოებს ადევნებდა თვალს, რა დროსაც, ერთ-ერთი სპილო მათ მანქანას დაესხა თავს. ცხოველმა ქალი მანქანიდან გადმოაგდო და გათელა.

“64 წლის ჯულიანა გლე ტურნო აშშ-ს ნიუ-მექსიკოს შტატიდან, დაახლოებით 17:50 საათზე, სპილოების გადაადგილების გამო მარამბას კულტურულ ხიდთან გაჩერებული მანქანიდან გადმოგდების შემდეგ დაიღუპა”. – უთხრა პროვინციის პოლიციის კომისარმა აუქსენსიო დაკამ ზამბიის ეროვნულ მაუწყებელს (ZNBC).

ეს ზამბიაში სპილოს თავდასხმის შედეგად ამერიკელი ტურისტის დაღუპვის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი მიმდინარე წლის მარტში, ზამბიის ეროვნულ პარკში მოხდა, როდესაც სპილომ ტურისტების მანქანა გადააყირავა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ზამბიის ხელისუფლებამ მოუწოდა ტურისტებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ქვეყნის მასშტაბით ველურ ბუნებაზე დაკვირვებისას.