პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართველ მეზღვაურებს მათი პროფესიული – მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბათუმში მიულოცა და მადლობა გადაუხადა ღირსეული, მაღალპროფესიული საქმიანობისთვის.
ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა ამ დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში.
სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დარგის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ პროცესში ქართველი მეზღვაურების დიდ როლზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა მთავარი აქცენტი მთავრობის მიერ საზღვაო სექტორში გაწეულ სამუშაოსა და მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.
„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო-სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი, მეტიც, საკვანძო ნაწილი. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღედ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) დიპლომატიური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2010 წელს გამოცხადდა, საქართველო მას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასა და სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად აღნიშნავს. 2024 წლის კამპანია ეძღვნება მეზღვაურთა წვლილს საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად გადაქცევის საქმეში (ჰეშთეგი: #SafetyTipsAtSea).
მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყო – რუსთაველის ქუჩის გავლით ნავმისადგომისკენ აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა გაიმართა, შემდეგ კი – საზღვაო აკადემიის კურსანტთა ფიცის დადების ცერემონია. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა, საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ, სექტორის სხვა წარმომადგენლებმა, ყოფილმა და მოქმედმა მეზღვაურებმა, სტუდენტებმა. ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პირველმა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საზღვაო ინფრასტრუქტურისა და მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ამ პროცესში ასევე საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, საზღვაო განათლების და პროფესიული მომზადების მხარდაჭერა იყო და რჩება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად და ამ კუთხით მისი უწყება აქტიურად მუშაობს.