პენტაგონის ხელმძღვანელსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 25 ივნისს თავის რუს კოლეგას ანდრეი ბელოუსოვს ტელეფონით პირველად ესაუბრა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა დაადასტურა და დასძინა, რომ საუბარი „ამერიკული მხარის ინიციატივით“ შედგა.

საუბრისას ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების სამხედრო უწყებებისთვის მნიშვნელოვანია „საკომუნიკაციო არხების შენარჩუნება“. ამასთან, მინისტრებმა „გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. კერძოდ, ბელოუსოვმა აღნიშნა „სიტუაციის შემდგომი ესკალაციის საფრთხე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას უკავშირდება“.

მედიის ცნობით, ოსტინსა და ბელოუსოვს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც კრემლი ვაშინგტონს დაემუქრა, სევასტოპოლზე უკრაინის არმიის სარაკეტო იერიშის გამო. იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, 150-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა საომარ მოქმედებებში, რის შედეგადაც რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, რა თქმა უნდა, შედეგების გარეშე არ ჩაივლის. რა მოჰყვება, ამას დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 24 ივნისს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეთრი სახლი სევასტოპოლში მომხდარ ავიაიერიშში დაადანაშაულა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.

ბრალდებების საპასუხოდ პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დარტყმებისთვის სამიზნეებს დამოუკიდებლად ირჩევს.

ცნობისთვის, ბოლო სატელეფონო საუბარი პენტაგონის ხელმძღვანელსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს (იმ დროს – სერგეი შოიგუს) შორის 2023 წლის მარტში შედგა.