რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თურქეთი ლიბანის გვერდით დგას

ისრაელთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თურქეთი ლიბანის გვერდით დგას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვლისას განაცხადა.

ერდოღანი მოუწოდებს რეგიონის ქვეყნებს, ლიბანს დაუჭირონ მხარი.

„თურქეთი დგას ლიბანის მოძმე ხალხისა და სახელმწიფოს გვერდით. მოვუწოდებ რეგიონის სხვა ქვეყნებს, სოლიდარობა გამოუცხადონ ლიბანს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გეგმავს ღაზაში მიმდინარე ომი რეგიონში გაავრცელოს, რაც ერდოღანის აზრით, დიდ კატასტროფას გამოიწვევს. მისი შეფასებით, დასავლეთის მიერ ისრაელის მხარდაჭერა „საცოდავია“.

„როგორც ჩანს, ღაზის განადგურებისა და გადაწვის შემდეგ ისრაელმა ახლა მზერა ლიბანს მიაპყრო. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლური ქვეყნები ისრაელს მხარდაჭერას უწევენ კულისებს მიღმა. ნეთანიაჰუს გეგმა, გაავრცელოს ომი რეგიონში, დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, – განაცხადა ერდოღანმა,

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობაზე საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთი ხედავს კონფლიქტის გავრცელების საფრთხეს.