რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ სვლისთვის – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ სვლისთვის მზადაა და მხარს უჭერს “თბილისის ყველა ინიციატივას ამ მიმართულებით”. ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია RIA Novosti ავრცელებს.

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] ემთხვევა ორივე ხალხის ინტერესებს… ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება. ამ კონტექსტში, ჩვენ ვემხრობით მოცემულ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, გავყვეთ ამ გზას”. – თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.