ბოლივიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ლიდერი დააკავეს – Deutsche Welle

ბოლივიის პოლიციამ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის ლიდერი, გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა დააკავა. მას ბრალი ტერორიზმსა და შეიარაღებულ ამბოხებაში ედება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ზუნიგა მას შემდეგ დააკავეს, რაც ჯარისკაცები მისი ხელმძღვანელობით დედაქალაქ ლა-პასში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. გენერლის დაკავების შემდეგ სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლიდან უკან დახევა დაიწყეს და მოედანი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა დაიკავეს.

„ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ბოლივიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა ჩვენი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ“, – წერს ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტი დავიდ ჩოკვევანკა სოციალურ ქსელ X-ში.

თავის მხრივ, რესპუბლიკის პრეზიდენტმა გენერალ ზუნიგას ქვედანაყოფების ქმედებებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა და პოლიციას „დემოკრატიის ერთგულებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, გადატრიალების მცდელობამდე ერთი დღით ადრე გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა ბოლივიის შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მან გადადგომაზე უარი განაცხადა.

გენერალმა განმარტა, რომ გადატრიალების მცდელობა პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად და „დემოკრატიის რეფორმისთვის“ მოაწყო. ამის შესახებ Los Tiempos-ი წერს.

„ჩვენ ვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. არ შეიძლება ადამიანები ბრძანების შესრულებისთვის დააპატიმრონ“, – თქვა ზუნიგამ.