ჩრდილოეთ კორეა დონბასში საინჟინრო ჯარებს ივლისში გაგზავნის – „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

ჩრდილოეთ კორეა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშენებლო და საინჟინრო ჯარებს გაგზავნის. ეს მიმდინარე წლის ივლისში მოხდება. კორეელები სავარაუდოდ „აღდგენით სამუშაოებს“ განახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე დაყრდნობით იუწყება.

ომის შესწავლის ინსტიტუტი სამხრეთ კორეის ტელეარხ TV Chosun-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეა დონბასში მასშტაბური საინჟინრო ძალების გაგზავნისთვის ემზადება.

ჟურნალისტები სამხრეთ კორეელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიის ძალები, სავარაუდოდ, ოკუპანტებს ოკუპირებულ დონეცკში ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარებიან.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიას 10 საინჟინრო ბრიგადა ჰყავს. ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ყოველწლიურად 115 მილიონი დოლარს მიიღებს, თუ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში სამ ან ოთხ საინჟინრო ბრიგადას გაგზავნის .

ამავდროულად, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს, შექმნას მეგობარი სახელმწიფოების კოალიცია, რომლებსაც საბჭოთა კავშირთან ისტორიულად თბილი კავშირები ჰქონდათ, რათა  ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის საფუძველი შეიქმნას.

თუმცა, ანალიტიკოსებს ჯერჯერობით ვერ ხედავენ ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინის საომარ მოქმედებებში ჩართვის დადასტურებულ განზრახვებს. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის პირდაპირ საინჟინრო მხარდაჭერას შეუძლია, გაათავისუფლოს რუსული საბრძოლო ძალა ფრონტის ხაზის გასწვრივ ოპერაციებისთვის და ხელი შეუწყოს რუსეთის ძალისხმევას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და თავდაცვითი სიმაგრეების გაფართოების მიმართულებით.