„ჩვენი კვარას სენსაციური გოლით“, „ლეგენდა ხარ, საქართველო“ – როგორ ულოცავენ ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი კლუბები EURO2024-ზე ისტორიულ შედეგს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიელთა სენსაციური დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის საგზური მოიპოვა. აღნიშნულ წარმატებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმაურებიან ფეხბურთის სპეციალისტები და გულშემატკივრები.

ქართველი სპორტსმენების უდიდეს წარმატებას ეხმაურებიან ის კლუბებიც, სადაც ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ.

„ჩვენი კვარას სენსაციურმა გოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე-16 რაუნდში გადაიყვანა ისტორიაში პირველად. გილოცავთ“, – წერს ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი, „ნაპოლი“ სოციალურ ქსელ X-ში.

 

„დაუჯერებელია, გილოცავთ, გიორგი. ძალიან დამსახურებულ შედეგია“ – წერს „ვალენსიას“ ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მისამართით.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გიორგი ქოჩორაშვილის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა მისი კლუბი „ლევანტე“, რომელმაც ქართველების გამარჯვების შემდეგ, გიორგისა და ნაკრებს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

„ლეგენდა ხარ საქართველო. ვამაყობთ“, – წერს ესპანური „ლევანტე“. 

ხოლო გიორგი მიქაუტაძის კლუბი, მისი ფეხბურთელის ბომბარდირად გახდომას უსვამს ხაზს.

„3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა. მიქაუტაძე, EURO2024-ის საუკეთესო ბომბარდირია და ის მერვედფინალში ითამაშებს! რა სიტყვებით მიულოცავთ ჩვენს „მეგოლეს?“ – მიმართავს კლუბი გულშემატკივრებს.

„რა პერფორმანსი, გილოცავთ, გიორგი და საქართველო“ – წერს გიორგი ჩაკვეტაძის ს კლუბი „უოტფორდი“.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა. 30 ივნისს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს დაუპირისპირდება.