პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე თავდაცვის ხაზის აშენებისკენ მოუწოდებენ – Reuters

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე თავდაცვითი ხაზის აშენებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელსაც ბრიუსელში ხუთშაბათს გამართულ სამიტზე განიხილავენ, ოთხი ქვეყნის ლიდერმა, რომლებიც იზიარებენ საზღვრებს რუსეთსა და ბელარუსთან, განაცხადეს, რომ პროექტი 27 ქვეყნის ბლოკის 450 მილიონი ადამიანის დაცვას ითვალისწინებს და ამისთვის ყველა წევრი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.

„რუსეთთან და ბელარუსთან ევროკავშირის საგარეო საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემის აშენება დააკმაყოფილებს ევროკავშირის სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვის მწვავე და გადაუდებელ აუცილებლობას“, – ნათქვამია ოთხი სახელმწიფოს მეთაურის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.

რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს შორის, წერილის ავტორებმა ხაზი გაუსვეს დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, ეკონომიკურ ზეწოლასა და მიგრანტების საზღვრებს მიღმა გაძევებას.

წერილში ხაზგასმულია, რომ ამ პროექტის მასშტაბი და ღირებულება „ევროკავშირის მიზანმიმართულ ქმედებებს მოითხოვს, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერით“. ევროკავშირის ზოგიერთმა დიპლომატმა რუსეთთან და ბელარუსთან ევროკავშირის 700-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ ასეთი თავდაცვითი ხაზის მშენებლობა დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროდ შეაფასა.

წერილში აღნიშნულია, რომ თავდაცვის ხაზის დაგეგმვა და განხორციელება ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე უნდა მოხდეს ნატოსა და მის სამხედრო მოთხოვნებთან კოორდინაციაში.

ამასთან, მედიის ცნობით, ევროპული თავდაცვის ინვესტიციები ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელზეც 27-28 ივნისს ევროსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ და რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებს გააერთიანებს.