ევროპულმა საბჭომ ფონ დერ ლაიენის და სხვა მაღალჩინოსნების კანდიდატურები დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მომდევნო 5 წლით ორგანიზაციის ლიდერების კანდიდატურები დაამტკიცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეინარჩუნა. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას შარლ მიშელის ნაცვლად პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა დაიკავებს, ხოლო საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის პოზიციას ჯოზეფ ბორელის ნაცვლად ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს.

კაია კალასის თქმით, ამ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა „გეოპოლიტიკური დაძაბულობის ამ პერიოდში“.

ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების კანდიდატურების დასამტკიცებლად ე.წ. გაძლიერებული კვალიფიციური უმრავლესობა იყო საჭირო, ანუ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან მათ 20 ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდებოდათ, რაც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენს.

ახლა ევროკავშირის ხელმძღვანელთა კანდიდატურები ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ახალი პარლამენტის პირველი სესია 16-19 ივლისს სტრასბურგში გაიმართება.