ტრამპი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ პუტინის წინადადებას მიუღებელს უწოდებს

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი, დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ წამოყენებულ წინადადებას მიუღებელს უწოდებს. მან ამის შესახებ CNN-ზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დებატებისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე მისაღებია თუ არა პუტინის წინადადება, ტრამპმა თქვა, რომ არა.

„არა, ის მიუღებელია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა კვლავ გააჟღერა თავისი განცხადება იმის შესახებ, რომ ხელახალი არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს დაასრულებს, თუმცა არ უთქვამს ამას როგორ გააკეთებს.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს და დაიწყებს მოლაპარაკებებს, თუ უკრაინა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე უარს იტყვის.

მისი თქმით, უკრაინამ ამ ტერიტორიებიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და ასევე უარი უნდა თქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოში, გაწევრიანების პერსპექტივაზე.