უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2 ივლისს კიევში ჩადის. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
უნგრეთის პრემიერის ვიზიტი კიევში ემთხვევა პერიოდს, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
The Guardian-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ ეს გამოცემას რამდენიმე სხვა წყარომ დაუდასტურა.
ბუდაპეშტში არსებულმა წყარომ The Guardian-ს აცნობა, რომ ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკება საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინაში მცხოვრები უნგრულენოვანი უმცირესობის უფლებების საკითხი, რომელიც დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს. ამ საკითხზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და ორბანი და ზელენსკი ამის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
ჯერჯერობით უცნობია, ჩადის თუ არა ორბანი კიევში როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, თუ როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი.