პირადი ამპარტავნება არ აძლევს კობახიძეს საშუალებას, თვალი გაუსწოროს რეალობას

ირაკლი კობახიძეს უკვე მეორედ დაუსტვინეს. ერთხელ – რესპუბლიკის მოედანზე, მეორედ გუშინწინ – თავისუფლების მოედანზე. ორივე შემთხვევაში დაუსტვინეს ახალაგზრდებმა, ფეხბურთის ნამდვილმა თუ ვითომ-გულშემატკივრებმა.

ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ პრემიერმინისტრს ზეიმს ოპოზიციის მიერ საგანგებოდ მომზადებული მცირერიცხოვანი ჯგუფები უფუჭებენ. მაგრამ, გაუგებარია, თუკი პოპულარულია კობახიძე ახალგაზრდებში, რატომ იქვე არავინ პასუხობს ხელისუფლების მიერ პროვოკატორებად გამოცხადებულ “დამსტვენთა” ჯგუფს, კობახიძისთვის ტაშის დაკვრით? რატომ არ გადაფარეს ოპოზიციონერთა “უუუუ!” კომუნისტების დროინდელი “მქუხარე ტაშით”?

ტაში, საბოლოო ჯამში, მადამ ზურაბის დაუკრეს. დავუშვათ, ესეც “ჩაწყობილი” იყო ოპოზიციის მხრიდან. მაშ, ქოცები რას აკეთებდნენ, იმ დღეს არ იყო “სამოძრაო ფული” გამოყოფილი? დუქნებში ისხდნენ თუ კაზინოებში? გასულიყვნენ მოედანზე და დაეკრათ ტაში თავიანთი პრემიერისთვის, ხოლო მადამ ზურაბისთვის დაესტვინათ და “უუუუ” დაეძახათ. ახლა არავინ მითხრას, ამას ქოცები როგორ იკადრებდნენო! უარესები არ უკადრიათ ისევე, როგორც ნაც-ოპოზიცია კადრულობს? მაგრამ, სიმართლე ისაა, რომ არც კობახიძის დასტვენა ყოფილა ჩაწყობილი და არც კობახიძის “მრჩევლებს” მოაფიქრდათ, ქოცური აქტივის მობილიზება გულშემატკივართა შორის!

აშკარაა, რომ ერთხელ დაშვებულმა შეცდომამ, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, ჭკუა ვერ ასწავლა ვერც პრემიერმინისტრს და ვერც მის ე. წ. მრჩევლებს. პირადი ამპარტავნება არ აძლევს კობახიძეს საშუალებას, თვალი გაუსწოროს რეალობას. მან საკუთარი თავი დააჯერა, რომ რამდენიმე კვირის წინანდელი დასტვენა მართლაც ოპოზიციის მიერ იყო ჩაწყობილი და ამიტომაც მივიდა ნაკრების შესახვედრად თავისუფლების მოედანზე. თუმცა მწარედ შეცდა და ძალიან უხერხული იყო მისი ყურება. გაირკვა სინამდვილე : ძალიან ახალგაზრდებში მას რეიტინგი არ გააჩნია. ეს არ არის მთელი ხალხი, რა თქმა უნდა, მაგრამ არის რეალობა. კობახიძე ასეთ უმწიფარი აუდიტორიის წინაშე არ უნდა წარმდგარიყო.

კობახიძემ ასევე უნდა შეიგნოს, რომ არ გააჩნია მასებთან ურთიერთობისთვის საჭირო ქარიზმა, იგი ღარიბაშვილზე უფრო ფერმკრთალი (არა მარტო პირდაპირი გაგებით) და უსახურია, თუმცა აქვს ნორმალური განათლება და, საერთოდაც, არ მიმაჩნია სამარცხვინო კაცად. ამავე დროს, იგი არის კაბინეტური ტიპის პოლიტიკოსი და არა საჯარო ტიპის. რაც არ უნდა დავარცხნონ (ასევე არა მარტო პირდაპირი გაგებით) კობახიძე, ის არჩევნებს ვერ მოიგებს. ეუთომაც გააფრთხილა იგი ამის შესახებ…

და, კიდევ ერთი. პრემიერმინისტრს უჯობს, ეს ნინო წილოსნები და პოლიტიკაში გარემოებათა გამო მოხვედრილი სხვა “ფულის ტომრები”, რომლებიც მას გუნდრუკს უკმევენ, სადმე პარლამენტის ბუფეტში ჩაკეტოს და ასეთი სისულელეები არ აყბედოს:

“ამ ქვეყანაში მოიძებნება ჯგუფი – ძალიან პატარა და მცირე, მაგრამ ძალიან მავნებლური, რომელიც ამ პოლიტიკურ ინტერესებს ზეიმის დროსაც არ ივიწყებს. ამ ადამიანებს არ ავიწყდებათ, რომ წარმოადგენენ გაერთიანებულ ნაციონალურ კლასტერს – წაგებულსა და დამარცხებულს – რომელთაც ზეიმის დროს მავნებლობის შანსი მიეცათ” (ნინო წილოსანი პრემიერისთვის თავისუფლების მოედანზე დასტვენის შესახებ).

ჯერ კიდევ არის ამის დრო. რადიკალური შემობრუნების დრო. ძალიან მცირე, სულ ორ-სამკვირიანი დრო.

 

ბექა ბექაური