კაპიტანო კაშიავ, მილიონებზე მადლობა კარგია, მაგრამ…

საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბ. ივანიშვილს, ნაკრებისთვის 30-მილიონ-ლარიანი ჯილდოს ჩარიცხვისათვის. სავსებით ლოგიკური ჟესტია კაპიტნის მადლობა, რადგან ჩვენი ისედაც შეძლებული, საკუთარი შრომით გამდიდრებული ფეხბურთელები, რომელთაგან ზოგიერთი მილიონერია, კიდევ უფრო გამდიდრდნენ.

გამდიდრდნენ ღარიბ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 1/3 უცხოეთშია გადახვეწილი ოჯახების სარჩენად. ნაკრების თამაშებს გერმანიაში, ბობოლა ქართველ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს გარდა, ძირითადად, უამრავი უბრალო ქართველი ესწრებოდა, რომელთაგან უმეტესობა ნემსის ყუნწში გაძვრა, დანაზოგები დახარჯა და, ალბათ, სესხიც აიღო, რათა საყვარელი ნაკრებისთვის ეგულშემატკივრა.

გამომდინარე აქედან, ლოგიკური იქნებოდა, რომ კაპიტან კაშიას და დანარჩენ მდიდარ ფეხბურთელებს, რომლებსაც ჰონორარები ევროპული სტანდარტებით ერიცხებათ – უეფასგან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან და თავიანთი კლუბებისგან, გამოეცხადებინათ, რომ საარჩევნო წელს ამ უანგაროდ ჩარიცხულ მილიონებს საქველმოქმედო მიზნებით გადარიცხავენ. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების მქონე თანამემამულლებისთვის, რომელსაც, განსხვავებით იმავე ევროკავშირისა და, თუნდაც, რუსეთის მოქალაქეებისგან, თავად უწევთ ძვირადღირებული სამკურნალო საშუალებების შეძენა. და ეს მარტო ონკოპაციენტებს არ უწევთ, არამედ ყველა სხვასაც.

საქართველოში, რომელიც დღეს დარეტიანებულია ფეხბურთით გამოწვეული სიხარულით, კიდევ უამრავი სხვა გასაჭირია და, ასე ვთქვათ, ქველმოქმედებისთვის ყამირი მიწაა. აპაა, სად შეუძლია ფონდ „ქართუს“ ამდენი, ყველას კი ვერ დაეხმარება!

თქვენ, კაპიტანო კაშიავ, რამდენიმე წლის წინ „ლგბტ“-სამკლაურით დარბოდით ჰოლანდიის სტადიონებზე – არა იმიტომ, რომ თავად განეკუთვნებით ფსიქიურად აშლილთა ამ კატეგორიას, არამედ იმიტომ, რომ „ლგბტ“ ლობისტების რისხვა არ დაგტყდომოდათ თავს. ეს რისხვა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც ცუდად აისახებოდა. მართალია, თქვენი ეს ულამაზო საქციელი ნაკრებისთვის კარგი თამაშით თითქმის გადაფარეთ, მაგრამ მხოლოდ თითქმის. ახლა კი, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ოფიციალურ მილიონერობას ირჩევთ გაბითურებულთა ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, თქვენი საქმეა, საარჩევნო წელს საჩუქრად მიღებულ ფულებს როგორ დახარჯავთ, მაგრამ ვინაიდან „ქველმოქმედმაც“ და მადლიერმა მიმღებმაც დედამიწას მოსდეთ ეს ამბავი, მეც, როგორც რიგითი ქართველი, ჩემს აზრს გამოვხატავ – მაქვს ამის უფლება.

 

გულბაათ რცხილაძე