4 ივლისის საღამოს რუსებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურის შენობები და სხვა კონსტრუქციები. გაჩნდა ხანძარი, რომელიც ლიკვიდირებულია“, – წერს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი Telegram-ზე.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ კიპერი სამოქალაქო პორტის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, დაზიანდა პორტის ობიექტები და ადმინისტრაციული შენობები. იერიშის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
ამასთან, სამხრეთის თავდაცვის ძალები ოფიციალურად ადასტურებენ, რომ დარტყმა ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. აღნიშნულია, რომ შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.