ტფუი, ეშმაკს: ქოცები კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობას უმიზნებენ; აქვთ ამის შანსი?

„ქართული ოცნება” კვლევ საკონსტიტუციო უმრავლესობას „უმიზნებს”, პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია მათ ოქტომბრის არჩევნებზე „ვერცერთი კონფიგურაციით ვერ დაამარცხებს”. „ოცნების” ოპონენტები კი ამ გეგმებს „იაფფასიან ტრიუკებს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს შიში ალაპარაკებთ და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ „სასურველის რეალობად გასაღებას”.

150 დეპუტატიან საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ მანდატების მინიმუმ 3/4-ს, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. რიგით კანონპროექტის ან დადგენილების მიღებას მხოლოდ 50-ხმიანი უმრავლესობა, ხოლო ორგანული კანონის შეცვლას მინიმუმ 76 ხმა სჭირდება, ანუ უბრალო უმრავლესობა.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობიდან „ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის თეორიული შანსი აქვს – გააჩნია ოპოზიცია როგორ დალაგდება და რამდენად დამაჯერებელი წინასაარჩევნო პროგრამა ექნება. ნაწილი კი აცხადებს, რომ „ოცნებისგან” ამ თემაზე საუბარი პროპაგანდის ნაწილია და „საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, ჩვეულებრივი უმრავლესობის შანსიც არ აქვს”.

რას ამბობს „ქართული ოცნება” და ოპოზიცია

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ოცნებას” აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს ოქტომბრის არჩევნებზე. მისი თქმით, ოპოზიციამ რაც არ უნდა ახალი პლატფორმები შექმნას, მაინც ძველი სახეებით არიან დაკომპლექტებული.

„რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა და მათ ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელებით გამოდიან, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მათ გაერთიანებას არ აქვს მნიშვნელობა. რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულები იქნებიან მარცხისთვის. 2012 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანები აჯანჯღარებენ ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ ცუდი შემოიტანონ. საზოგადოების დაპირისპირება, გახლეჩა – ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან, როგორ იქნებიან ეს კონკრეტული ადამიანები. კი პარტიებს, რაღაც ახალ სახელებს ქმნიან, აქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ახალი პოლიტიკური სახეები არიან, თუმცა დავიწყებული ძველი სახეები არიან. ვინ არიან ეს ადამიანები? – ყველა „ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. „ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო, ზუსტად იმ ადამიანებით შედგებოდა, ვინც თავი საკუთარი ბინძური ქმედებებით დაგვამახსოვრა.

„გავიხსენოთ გვარამია, მელია, ბოკერია და ა.შ. ჩამონათვალი და სია დიდია. საზოგადოებამ კარგად იცის ყველაფერი. რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, დაიშალონ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას” აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა.

„ეს არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს კონკრეტული პარტიები ცალ -ცალკე გამოვლენ არჩევნებზე, გაერთიანდებიან და ერთიან პლატფორმაზე იქნებიან, როცა ხარ მავნებელი, რადიკალი ამას საზოგადოება ყოველთვის შესაბამისად უპასუხებს”, – განაცხადა კალაძემ.

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც ამბობს, რომ „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას უმიზნებს და ოპოზიცია „ქართულ ოცნებას” ვერცერთი კონფიგურაციით ვერ დაამარცხებს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ აღნიშნული გადალაგებითაც კი, არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხება შეუძლებელია. ახლა ცდილობენ, ორში გაერთიანდნენ. შემდეგ შეიძლება იყოს ოთხი. მერე, შესაძლოა, გახარია ცალკე გადააგდონ, დაავალონ, „ქართულ ოცნებას” იქნებ ერთი პროცენტი მაინც წაართვა, ეგეც საქმეაო, თუმცა, არ შველის ასეთი ერთეული პროცენტის წართმევა, რადგან გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივ უმრავლესობას სჭირდება – საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუმიზნებთ. შესაბამისად, ისინი დღეს ობიექტურად ძალიან წვალობენ.

„ცდილობენ, ნახონ რაიმე კონფიგურაცია. ყველანაირი კვლევა ჩაატარეს, ვერცერთი კონფიგურაციით „ქართულ ოცნებას” ვერ ამარცხებენ. ამიტომ წვალობენ – ერთმანეთში გადადიან და გადმოდიან. არჩევნებში „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში რადიკალური ოპოზიცია მათ მიერ ჩატარებული კვლევებითაც რწმუნდება, მაგრამ „იხტიბარს არ იტეხენ და რაღაც კონფიგურაციის დალაგებას ცდილობენ, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი ექნებათ, თუმცა უშედეგოდ. მათი საერთო ნიშანი არის ბოროტება და მათ ჰყავთ გარე დავალებების მიმცემი ადამიანები, რომლებიც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს რამდენიმე ასეული ადამიანი, თუ რამდენიმე ათასი არა, რომლებსაც რაც არ უნდა დაავალონ, განმაცვიფრებელ დავალებებსაც კი შეასრულებენ, ოღონდ მათი უფროსების, გარედან დავალების მიმცემების აზრი გაითვალისწინონ. აქედან გამომდინარე, ისინი ბევრჯერ გადაჯგუფდებიან. უკვე მოახლოვდა არჩევნები. მოუწევთ რაღაც კონფიგურაციის დალაგება, რომლის შემთხვევაშიც ასევე უშედეგოები იქნებიან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია კი მომავალ გეგმებზე დიდ იმედებს ამყარებს, „სტრატეგია აღმაშენებელის” დეპუტატი პაატა მაჯგალაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების” ლიდერებს შიში ალაპარაკებთ და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას.

„ქართული ოცნება” როგორც მათ ახასიათებთ, იაფფასიანი „ტრიუკების” ჩატარებაზე გადავიდა. მე მესმის მათი, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ლამის ორ მესამედზე მეტი შენი წინააღმდეგია და შენ მიერვე ორგანიზებულ აქციებზე სიტყვით ვერ გამოდიხარ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი და ლეგენდა. „ქართული ოცნების” ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას.

„მათ ეშინიათ ჩვენი ერთობის, მათ ეშინიათ ცვლილების, მათ ეშინიათ თავისუფალი მოქალაქეების ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმმა გამარჯვება 26 ოქტომბერს დარჩება ხალხს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რა შანსი აქვს „ქართულ ოცნებას”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ დღეის გადასახედიდან „ოცნებას” თეორიული შანსი აქვს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს ოქტომბრის არჩევნებზე.

„ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია – შანსი აქვს იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საზოგადოებისთვის რაიმე ისეთი ღირებულის შეთავაზებას ვერ მოახერხებს, რაც ელექტორატს მისკენ გადაქაჩავს, მათ შორის, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას” ასეთი თეორიული შანსი ნამდვილად აქვს, ოპოზიციის ქმედებებს ვინც უყურებს, მათ შორის ის ამომრჩეველიც, რომელიც შეიძლება „ოცნებაზეა” განაწყენებული და ახალ არჩევანს ეძებს, არ მგონია, რომ მისთვის ოპოზიციის ის კონგლომერატი, რომლითაც წარმოდგენილია, მაინცდამაინც მიმზიდველად გამოიყურებოდეს”,- განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისი შეფასებით, არჩევნებზე ოპოზიციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად კონფიგურაცია, არამედ დამაჯერებელი საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური ლიდერების არსებობა, რისი დეფიციტიც დღეს აქვთ და ამ მხრივ „ოცნებას” კონკურენციას ვერ გაუწევენ.

„კონფიგურაციას იმდენად მნიშვნელობა არა აქვს, რამდენადაც ის, თუ ამომრჩეველს და მოსახლეობას რას შესთავაზებს და ამას რამდენად დაიჯერებს, რომ რეალისტური და შესრულებადია. მაგალითად, ე.წ. ათას ლარიანი პენსიების მითი, რომელიც თავის დროზე „ლელომ” შემოაგდო, ყველამ ვნახეთ, რომ საპნის ბუშტივით გასკდა. ხელისუფლების ოპონენტმა ეკონომისტებმაც კი გააკრიტიკეს ის და რეალისტურად არ მიიჩნიეს.

„აქ მეორე საკითხიცაა – ზოგადად, პოლიტიკური პარტიების სიძლიერის გასაზღვრის ერთ-ერთი პერსონალური ფაქტორია – ვინ არიან პოლიტიკიური ლიდერები, საზოგადოებისთვის რამდენად მიმზიდველები და სანდონი არიან და რამდენად სჯერათ მათი.

„ჩემი აღქმით, რომელიც იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ემყარება, მე ოპოზიციის რიგებში ისეთ ლიდერებს ვერ ვხედავ, რომლებიც მაინცდამაინც მისაღები და მიმზიდველი იქნებიან საზოგადოებისთვის. ზოგიერთი მათგანი, საზოგადოებას ისეთი გონორით და აგრესიით ელაპარაკება, თითქოს ხალხს მათი ვალი ჰქონდეს.

„ლიდერობის დეფიციტის მხრივ, ოპოზიციას დიდი პრობლემა უდგას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ამომრჩეველი ათწლეულების მანძილზე ტრადიციულად ხმას აძლევდა არა იმდენად პარტიის პროგრამას, ან იდეოლოგიას, არამედ უფრო პერსონიფიცურებულ არჩევანს აკეთებდა, ამ მხრივ ამჟამინდელ ოპოზიციას საქმე მაინცდამაინც კარგად არ აქვს. სწორედ იმიტომაც იყო, რომ ისინი იძულებულები გახდნენ, დაჰყოლოდნენ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას, რომ მათ რიგებში სხვა ისეთი ლიდერი არ გამოჩნდა.

„სხვათა შორის, ეს დასავლეთმაც დაინახა და მათ თავზე სალომე ზურაბიშვილი მოახვია, როგორც ლიდერი. ზურაბიშვილის მონაცემები ყველამ კარგად ვიცით და მიუხედავად მის ირგვლივ აგორებული პიარის მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილში მიანცდამაინც არ სარგებლობს. თუ პოპულარობით სარგებლობს, ისევ რაღაც პატარა კლასტერში, რომელსაც ის მოსწონს პროდასავლური ორიენტაციის გამო. ოპოზიციისთვის ლიდერების დეფიციტის მხრივ სერიოზული პრობლემა იქნება, რომ „ქართულ ოცნებას” კონკურენცია გაუწიოს”,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ „ოცნებისგან” კონსტიტუციურ უმრავლესობაზე საუბარი პროპაგანდის ნაწილია და მეტი არაფერი, მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების” რეიტინგი დაახლოებით 35%-ია, რითაც რეალურად ვერც უბრალო უმრავლესობას მოიპოვებს.

„ესაა პროპაგანდის ნაწილი, ლაპარაკობენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, რომ შემდეგ არავისთვის გასაკვირი არ იყოს, დავუშვათ, უცებ რომ ჩვეულებრივი უმრავლესობა ჰქონდეთ. ამისთვის ემზადებიან, მაგრამ თუ ოპოზიცია მეტ-ნაკლებად ნორმალურად მოიქცევა (არ ვლაპარაკობ იდელურად) რეალურად მათ არანაირი შანსი არ ექნებათ, საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, ჩვეულებრივი უმრავლესობის შანსიც არ აქვს.

„დღეს „ქართული ოცნების” რეიტინგი სადღაც 35%-ის ფარგლებშია და რამდენიც არ უნდა ეცადონ ამის მომატება, ფაქტიურად გამორიცხულია. არა მგონია დღეს რაიმე მექანიზმი არესბობდეს, თუ გაყალბებას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ „ოცნებამ” შეძლოს და არჩევნებში 35%-ზე მეტი მიიღოს. ვნახოთ რა იქნება.

„ეს აქვთ აღებული, როგორც მესიჯბოქსი, რომ მოსახლეობისა და თავიანთი მომხრეების გონებაში ჩაბეჭდონ – „კონსტიტუციური უმრავლესობა”, თორემ რეალურად მათ ყველაზე უკეთ იციან რა დღეშიც არიან და როგორც არიან. მგონია, რომ ეს პროპაგანდის ნაწილია და მეტი არაფერი”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან”.

 

წყარო: “რეზონანსი