ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაშმაგებით გვებრძვიან

ეს არის თვითდამაზიანებელი განცხადებები. ამით თავდაცვისუნარიანობა კი არ ზიანდება, არამედ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ძალები თანახმა არიან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას პირდაპირ დაარტყან, მასზე იერიში მიიტანონ, ოღონდ კი რეალიზებული იყოს თავიანთი პოლიტიკური მიზანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ იყოს რეანიმირებული და რამენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ”, – ეს განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.

“ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაშმაგებით გვებრძვიან. დღე არ გავა, არ დაიდოს კვლევა, სადაც ჩანს, რომ საქართველო რიგი მიმართულებებით ლიდერი სახელმწიფოა. პოლიტიკური შურისძიება არ ასვენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, თავის არჩევანზე მყარად დგას. როცა ვამბობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ და საქართველომ უარი განაცხადა, ამაზეა შურისძიება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.