ჩინეთი მოუწოდებს ნატო-ს, არ მოახდინოს კონფრონტაციის პროვოცირება

ჩინეთმა მოუწოდა ნატო-ს, არ მოახდინოს კონფრონტაციის პროვოცირება. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირში ჩინეთის დიპლომატიურმა მისიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ალიანსის წევრებმა პეკინს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში დასდეს ბრალი.

„ნატო-მ უნდა შეწყვიტოს ე.წ. ჩინურ საფრთხეზე საუბარი და კონფრონტაციისა და მეტოქეობის პროვოცირება, პირიქით, მან მეტი უნდა გააკეთოს მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია ჩინეთის დიპლომატიური მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პეკინში მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია „ცივის ომის“ დროინდელი აზროვნებითა და ომის რიტორიკითაა განმსჭვალული.

„პუნქტები, რომლებიც ჩინეთს ეხება, აღსავსეა პროვოკაციებით, ტყუილებით და შუღლის გაღვივებით. ყველამ იცის, რომ ჩინეთს არ მიუძღვის ბრალი უკრაინის კრიზისში. ჩინეთის პოზიცია არის ღია და პატიოსანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთში აცხადებენ, რომ პეკინს არასდროს გადაუცია სასიკვდილო იარაღი კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის მკაცრ კონტროლს აწარმოებს.

პეკინმა ასევე მოუწოდა ნატო-ს, „შეინარჩუნოს პოზიციონირება, როგორც თავდაცვითმა ალიანსმა ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში და არ გამოუთხაროს ძირი მშვიდობასა და სტაბილურობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, არ გადაიქცეს ინსტრუმენტად, რომელსაც კონკრეტული სახელმწიფოები ჰეგემონიის შესანარჩუნებლად იყენებენ“.

ცნობისთვის, ვაშინგტონში გამართულ ნატო-ს სამიტზე ალიანსის ლიდერები ჩინეთის მიმართ რიტორიკის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. სამიტის დეკლარაციაში ნატო-ს წევრები აცხადებენ, რომ ჩინეთი გადამწყვეტი თანამონაწილის როლს ასრულებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში. ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრები ამბობენ, რომ ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა და პეკინის მხრიდან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფართომასშტაბიანი ხელშეწყობა ღრმა შეშფოთებას იწვევს.