კობახიძე ამერიკას ისევ სთავაზობს ურთიერთობების გადატვირთვას

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა კობახიძემ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, წლევანდელი ბიუჯეტი გაიზრდება და სხვადასხვა სფეროებში გადანაწილდება. ის „ნაცმოძრაობის” აქტივისტის მხრიდან ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის შეურაცხყოფის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა შეეგუოს გამჭვირვალობას. ასევე, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამისთვის საქართველო მზად არის.

„მინდა, გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ გამოხტომას, რომელიც განხორციელდა სარჯველაძის მიმართ. ამ გამოხტომის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის” აქტივისტი, კერძოდ მათი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ნაბიჯის” ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. ჩვენი ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ერთი მხრივ, კეზერაშვილ-ჩიქოვანის მხრიდან და, მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოელი დონორებისგან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება.

„2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი. 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი. ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს”, – განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, რისთვისაც ქართული მხარე მზად არის.

„მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ, გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ქართული მხარე თავიდან ბოლომდე მზად ვართ. […] ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ბიუჯეტის გაზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი 519 მლნ ლარით გაიზრდება.

„პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, ეს ყველაფერი ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას იძლევა.

„მთლიანობაში, შეგვიძლია, 519 მლნ ლარით გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით:

• 115 მლნ – ჯანდაცვის სამინისტრო;

• 100 მლნ -თავდაცვის ცვის სამინისტრო;

• 80 მლნ – განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო;

• 33 მლნ – კულტურის და სპორტის სამინისტრო;

• 10 მლნ- შინაგან საქმეთა სამინისტრო;

• 10 მლნ – რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა,

• 6 მლნ – საგარეო საქმეთა სამინისტრო;

• 3 მლნ- ცესკო;

• 60 მლნ – სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიება;

• 102 მლნ – დამატებით გადაეცემა მუნიციპალიტეტებს”, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე კობახიძემ განაცხადა, რომ ლარის კურსი ძალიან მალე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის საუალებით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის განსაკუთრებით მადლობა, მინდა, გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს, პირადად ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა”, – თქვა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ეროვნული ბანკის საკუთარი კადრებით დაკომპლექტებას კიდევ ვეღარ დაუშვებდნენ.

„ყველას გახსოვთ, როგორ ცდილობდნენ თავის დროზე ოპოზიცია და მათი მფარველები და მეგობრები საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში. ჩვენ გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან და ამის გამეორებას ვერ დავუშვებდით.

წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს. პირველი ორი კვარტლის არსებული მონაცემები დამაიმედებელია. ასეთ პირობებში გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს”,- განაცხადა კობახიძემ.