პოლონეთში აშშ-ს ახალი საჰაერო თავდაცვის ბაზა მზად არის ფუნქციონირებისთვის

პოლონეთში აშშ-ს ახალი საჰაერო თავდაცვის ბაზა, რომელიც შექმნილია ბალისტიკური რაკეტების შეტევების აღმოსაჩენად და შესაჩერებლად, მზად არის ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბაზის მზადყოფნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვინაიდან ბალისტიკური რაკეტების მზარდი საფრთხე არსებობს.

„როგორც თავდაცვით ალიანსს, ჩვენ ამ საფრთხეს ვერ უგულებელყობთ.
სარაკეტო თავდაცვა არის არსებითი ელემენტი ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის მთავარი ამოცანისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ს ახალი ბაზა პოლონეთის ქალაქ რეძიკოვოში შეიქმნა, რომელსაც შეუძლია მოკლე და საშუალო მანძილზე მფრენი ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება.