საფრანგეთის ელჩი – გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას

ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შეჩერებულია პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში.

„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში“, – აღნიშნა გასრიმ.

ამასთან, ბასტილიის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ სადღესასწაულო მიღებასთან დაკავშირებით, შერაზ გასრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის დევიზია – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და რომ ფრანგი ხალხი ამ ღირებულებებით არის გაერთიანებული.

„სწორედ ამას ვზეიმობთ დღეს ქართველ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც იგივეს ვუსურვებთ. წელს ჩვენი ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებულ კონტექსტში იმართება, რადგან საფრანგეთი პარიზში უმასპინძლებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს, რომლებიც ორ კვირაში დაიწყება. ეს ჩვენთვის არის შესაძლებლობა, ყველა ერს, მათ შორის ქართველ მეგობრებს ვუსურვოთ ბევრი გამარჯვება. ახლახან საქართველომ წარმატებები მოიპოვა ფეხბურთში. ვუსურვებთ გამარჯვებებს სპორტის სხვა სახეობებში, და რასაკვირველია, ვუსურვებთ წარმატებას ევროპულ გზაზე. ამჟამად გაწევრიანების პროცესი გაყინულია. ჩვენ ვამხნევებთ საქართველოს ხელისუფლებას, მთელ ქართველ ხალხს, რომ ერთად დადგნენ, გააერთიანონ ძალები და განაახლონ სვლა. ახლა, როცა გზა მზად არის მათთვის, ველოდებით “, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.