შალვა პაპუაშვილი – ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობაა

ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.

პაპუაშვილის თქმით, ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არიან.

„ბოლო ორი წელი ვაფრთხილებდი ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს და ბიუროკრატებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან რადიკალების დაფინანსება, თანაც ყალბი „ენჯეოების“ სქემების გამოყენებით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას (აღარაფერს ვიტყვი დეპოლარიზაციაში წვლილის შეტანასა და მსგავს მაღალ მატერიებზე). ამასთან, არაერთხელ მოვუწოდე მათ, დაეგმოთ ევროპის სახელით და, ხშირ შემთხვევაში, ევროპიდან დაფინანსებული პირების მიერ წარმოებული ზიზღის, ტერორის კამპანია. იმასაც ვაფრთხილებდი, რომ მათ დუმილს ისინი ძალადობის მოწონებად აღიქვამდნენ. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ გულგრილობა და თვითკრიტიკულობის არარსებობაა. ეს თავდასხმაც ამ გულგრილობის პირდაპირი შედეგია. ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.