ირაკლი კობახიძე თუშეთში, „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს“, „თუშეთობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თუშეთში განაცხადა, სადაც „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივ მოსახლეობას ფესტივალის გახსნა და „თუშეთობა“ მიულოცა.

„აქაურობა არის ულამაზესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სილამაზეს და ტრადიციებს უფრთხილდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დღეების აღნიშვნა, რაც, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები“ იმართება. ფესტივალს დღეს თუშეთი, ხევსურეთი, მესტია და ყაზბეგი მასპინძლობენ; 20 ივლისს კი ღონისძიებები ბახმაროში, გორდში, გოდერძისა და ცაგერში გაიმართება.

მთავრობის მეთაურმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, მონაწილეობა მიიღო კულინარიულ მასტერკლასში და მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადგილობრივების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.