გიორგი მიქაუტაძე ოქროს ბუცს მიიღებს, როგორც ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატზე გატანილი 3 გოლით, ტურნირის თანაბომბარდირი გახდა და ოქროს ბუცს მიიღებს. როგორც ცნობილია, UEFA-მ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს ბუცს ყველა თანაბარი გოლების მქონე საუკეთესო ბომბარდირი მიიღებს.

ევროპის ჩემპიონი ესპანეთი გახდა

იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი-ინგლისის შეხვედრაში ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო მეოთხე გოლის გატანა, ოქროს ბუცი 23 წლის მიქაუტაძესა და კიდევ ხუთ ფეხბურთელს შორის გადანაწილდება.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ წინა ევროპის ჩემპიონატზე, ეს ჯილდო მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ერგო იმის მიუხედავად, რომ მის მსგავსად, ხუთი გოლი ჰქონდა გატანილი პატრიკ შიკს. საქმე იმაშია, რომ აქამდე მოქმედი წესებით, როდესაც მოთამაშეებს თანაბარი გოლების რაოდენობა უგროვდებოდათ, ოქროს ბუცის მფლობელს სხვა კრიტერიუმებით არჩევდნენ. მაგალითად, 23 წლის ქართველმა ორი გოლი პენალტის ნიშნულიდან მოიპოვა, ამ შემთხვევაში კი, უპირატესობა იმ მოთამაშეს მიენიჭებოდა, რომელსაც მეტი გოლი ჰქონდა გატანილი უშუალოდ სათამაშო ეპიზოდიდან.

აღსანიშნავია, რომ 1997 წლიდან, ოქროს ბუცით დაჯილდოების ცერემონია იმართება, რა დროსაც, ყველაზე მეტი გოლის მფლობელ ფეხბურთელს ჯილდო საზეიმო ვითარებაში გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩემპიონატს მერვედფინალური ტურიდან გამოეთიშა, თუმცა ტურნირზე დარჩენილმა ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო გიორგი მიქაუტაძის შედეგის გაუმჯობესება.