ნანა კაკაბაძე: ოპოზიციამ მთელი მსოფლიოს ლიბერასტული მმართველობა ჩართო ხელისუფლების დამხობის „წმინდათაწმინდა“ საქმეში

ზეწოლები, ილუზიები და რეალობები: მას შემდეგ, რაც გამჭვირვალობის კანონის „რუსულად“ მონათვლის და ხალხის გაბრიყვების გზით რევოლუციური გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა, ოპოზიციამ მთელი მსოფლიოს ლიბერასტული მმართველობა ჩართო ხელისუფლების დამხობის „წმინდათაწმინდა“ საქმეში, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„…და დაიწყო გაუთავებელი განცხადებები, მუქარები, ვიზიტები, ქართველი ხალხის დამუნათება, რომ აი, თქვენ რომ ევროპაში გინდათ, ეს ხელისუფლება გიშლით ხელს, გამოფხიზლდით, არჩევნებზე იაქტიურეთ, მიეცით ხმა ოპოზიციას, შეცვალეთ ხელისუფლება და თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს – ევროკავშირშიც გაგეხსნებათ გზა, არც სხვადასხვა დახმარების პროგრამები გაგიუქმდებათ, მრავალმილიონი ახალი დახმარებაც წამოვა და ამერიკაში სავიზო რეჟიმიც გაგიმარტივდებათო.

რომ არ ხუმრობდნენ და სერიოზულად იყვნენ მომართულნი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ამის დასადასტურებლად ერთი მეორის მიყოლებით აშშ-ს და ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა სრულიად არაორაზროვნად, არადიპლომატიურად და თავხედურად მოითხოვეს საქართველოს ხელისუფლებისგან, შეცვალეთ თქვენი რიტორიკა და არადემოკრატიული ქმედებები, თორემ „ცულს მოვიტანთ ცუნცულასა“-ო. მართალია, ვერ აკონკრეტებენ, რა არის ეს „არადემოკრატიული“ ქმედებები (გარდა მათ მიერ „რუსულად“ შერაცხილი გამჭვირვალობის კანონისა), მაგრამ ამას სულაც არა აქვს მნიშვნელობა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მათი პოლიტიკა დამყარებულია მხოლოდ ერთადერთ საფუძველზე, რასაც პირობითად შეიძლება მგლის და კრავის ამბავი ვუწოდოთ. მგლისთვის არა აქვს მნიშვნელობა კრავის მოთქმას – „შენ ზევითა ხარ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო?!“ მათი პასუხი ასეთია: „მომწყინდა შენი ბღავილი, ხმა ჩაიკმინდა ჩქარაო, შენი ჩაკვრეხა რომ მინდა, მიზეზად ისიც კმარაო!“
და ვისმენთ პირდაპირი მუქარის ტექსტებით, რა შავბნელი მომავალი შეიძლება გაუთენდეს ჩვენს ქვეყანას, თუ ოქტომბერში ხალხი ხელისუფლებას არ შეცვლის და მათ მიერ „დემოკრატიის შუქურად“ მიჩნეულ ნაცებს არ დაუბრუნებენ ძალაუფლებას. გარედან მაღალ ხმაზე შესრულებულ ამ გადმოძახილებს შიგნით ბანს აძლევენ მათივე დაფინანსებულ-გაქსუებულ-გათავხედებული ე. წ. არასამთავრობოები (სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების დანამატები), რომლებიც სიხარულთ აჭყლოპინდნენ, რომ ქართული ჯარისთვის გამოყოფილი 30 მილიონი დოლარი სამხედროების ნაცვლად არასამთავრობოებს გადაეცემა. თუმცა, ეგ რა გასაკვირია, როდესაც სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად წოდებული პრეზიდენტიც დიდი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს.

მოკლედ, გარედან და შიგნიდან შეხმატკბილებულად მოქმედ საქართველოს მტრულ ძალებს მიაჩნიათ, რომ ფოჩიანი კანფეტების დაპირებებით თუ შავბნელი მომავლით დაშინებით იმდენად მოახერხეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ტვინების გამორეცხვა, რომ 26 ოქტომბერს ხალხი უარს იტყვის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხზე და აირჩევს დასავლეთისათვის „დემოკრატიის შუქურად“ სახელდებულ ნაცების სისხლიან რეჟიმს და მათ ანასხლეტებს.

თუმცა, ამჯერადაც დიდი იმედგაცრუება ელით ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ და მათ აგენტებს, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობა კარგად ხვდება ტყუილსა და ფარისევლობას. ის ყოველთვის მწვავედ რეაგირებს უსამართლობაზე და საბოლოო ჯამში სწორ არჩევანს აკეთებს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეორადი მოხმარების სახით შემოთავაზებული ნაცების და მათი ანასხლეტების მმართველობის ფორმები და მეთოდები ჯერ კიდევ არ გამქრალა ხალხის მეხსიერებიდან.

„ხანდახან შეიძლება მთელი ხალხი მოატყუო (როგორც ეს მოხდა 2003 წელს), მუდმივად – ხალხის ნაწილი (როგორც ეს ხდება დღეს), მაგრამ მთელი ხალხის ყოველთვის მოტყუება შეუძლებელია“. ამიტომაც არა აქვს ოპოზიციას გამარჯვების შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებში“, – წერს კაკაბაძე.