რობერტ ფიცოს განცხადებით, დონალდ ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები “ზუსტი ასლივით” ჰგავს ერთმანეთს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს.

„ეს სცენარის ზუსტი ასლია. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის შეჩერებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი დავინახავთ საუბრებს შერიგების აუცილებლობაზე, დამშვიდებასა და პატიებაზე“, – წერს რობერტ ფიცო.

შეგახსენებთ, მაისში შეიარაღებულმა მამაკაცმა რობერტ ფიცოს 5-ჯერ ესროლა, როდესაც ის ქალაქ ჰენდლოვაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. მან მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

 

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.