შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვნახეთ სუვერენული სახელმწიფოს საპარლამენტო საქმიანობაში უხეში ჩარევა

იმპიჩმენტთან დაკავშირებით გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილმა არა მხოლოდ “სამარცხვინო” ეძახა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოსამართლეებს, ასევე, ვნახეთ მაშინ უცხოელი აქტორების მხრიდან პარლამენტზე ზეწოლა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“აქ ჩვენ ვნახეთ სუვერენული სახელმწიფოს საპარლამენტო საქმიანობაში უხეში ჩარევა, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, არ მიგვეღო იმპიჩმენტის გადაწყვეტილება. გახსოვთ მაშინ ზოგიერთი დიპლომატისა და უცხოელი აქტორის საუბარი, რომ ეს კავშირში იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. გამოდის, ეს დიპლომატები ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპა, კონსტიტუციის დარღვევაზე თვალის დახუჭვა და წაყრუება არის ევროპა. ზოგ უცხოელს ასეთი ქვეყანა უნდა. თავისთვის სხვანაირი სტანდარტი უნდათ და ჩვენთვის უნდათ, კონსტიტუციას არღვევდეს პრეზიდენტი და ამაზე ჩუმად იყოს საქართველოს პარლამენტი, იმ პირობებში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დარღვევა. ახლა თავად ქალბატონი სალომე ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას იმით, რომ ზუსტად იმავე სასამართლოს, იმავე მოსამართლეებს მიმართავს საკუთარი პრეტენზიით”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.