საქართველოსთვის ავტომობილების საექსპორტოდ ძირითადი ბაზრები აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი იყო, თუმცა ამ ეტაპზე, ადგილზე მანქანების ჭარბი მიწოდების გამო, ბაზარი გაჯერებულია – ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ განაცხადა.
როგორც ნონიაძე აღნიშნავს, მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების მოსაძიებლად. მანვე აღნიშნა, რომ პროცესში საჭიროა როგორც სექტორის, ასევე სახელმწიფო მხარის აქტიური ჩართულობა. ნონიაძემ ისაუბრა ჩინეთის ფაქტორზეც და აღნიშნა, რომ ქართველი ავტოიმპორტიორები შესაძლოა, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„ალტერნატიული ბაზრის მოძიებას ვფიქრობთ, მით უმეტეს როდესაც თამაშში უკვე ჩინეთის ფაქტორი ერთვება, ჩვენ შეიძლება ჩინეთის ფაქტორმა თამაშგარე მდგომარეობაში დაგვტოვოს, ელემენტარულად ჩინეთის ავტომობილი რომ გამოივლის ყაზახეთს, ჩამოვა საქართველოში, მარტვილი ლოგიკა გვკარნახობს, რომ საქართველოდან ყაზახეთში უკან არ დაბრუნდება, პირიქით შესაძლოა, ყაზახებმა ჩამოიყვანონ ჩინური ავტომობილები საქართველოში. მარტივი გეოგრაფია. ამ გამოწვევის წინაშეა დარგი და ერთობლივად უნდა ვიფიქროთ, მარტო ასოციაცია თავის ძალებით ვერ გასწვდება, აქ ლოჯისტიკური კომპანიები და დილერებიც უნდა ჩაერთვნენო, რა თქმა უნდა, ასოციაცია მუშაობს ამ საკითხებზე გარკვეული პროექტებია საჭირო, რომ ალტერნატიული ბაზრები მოვიძიოთ, თუ სახელმწიფო თავისი დაგვეხმარება ამ თემაში, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ მივესალმებით. ძალების გაერთიანებაა საჭირო, რაც უნდა ბევრი ან მცირე რესურსი ჰქონდეს ასოციაციას, საჭიროა ერთიანი ძალის მოძიება“, – ამბობს ალექსი ნონიაძე.
ავტომობილის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთიდან იმპორტირებულია 18.598 მლნ დოლარის 1 119 მსუბუქი ავტომობილი.
რაც შეეხება ყაზახეთს, იანვარ-მაისში მხოლოდ ერთი ავტომობილია იმპორტირებული ამ მიმართულებიდან, რომლის საიმპორტო ღირებულებამაც გადასახადების გარეშე 7.5 დოლარი შეადგინა.