პატიმართა ნაწილის ოჯახის წევრები პარასკევს, 19 ივლისს პარლამენტთან ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აქციაზე გააპროტესტებენ. მათი თქმით, ამნისტია არის შერჩევითი და აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება, გახადონ ის საყოველთაო და გავრცელდეს პატიმართა 1/4-ზე.
“19 ივლისს, 11 საათზე გვექნება პარლამენტის უკან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია. ის კანონპროექტი, რომელიც წარადგინა ქართულმა ოცნებამ არის აშკარად შერჩევითი, რადგან გამოყოფილი არის კონკრეტული მუხლები და არ ეხება ყველას. აუცილებელია, რომ პატიმრებს ეს იმედი, რაც აქამდე ჰქონდათ და რაც გაუჩინეს, არ წაართვან და უშუალოდ ყველას შეეხოს ეს ამნისტია”. – თქვა ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა TV პირველთან საუბრისას.
ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მეოთხე დღეა, 20 პატიმარი შიმშილობს. მათივე ვარაუდით, საპროტესტო ტალღა გაიზრდება, რადგან პატიმრები უკვე 12 წელია, ელოდებიან საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას, ხოლო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი “რეალურად, ციხეში მყოფ პატიმრებს არ ეხება”.
“ეხება მსუბუქ მუხლებს, პირველ ნაწილებს, ნასამართლობის არმქონე პირებს და ასეთ პირებს, როგორც წესი, არც პროკურატურა, არც სასამართლო ციხეში არ უშვებს და ან პირობითი მსჯავრის ქვეშ არიან, ან ალტერნატიული სასჯელების” – თქვა ერთ-ერთმა ადვოკატმა ფორმულასთან საუბრისას.