აშშ-ში სიძულვილის გაღვივებისა და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 20 წლის მ.ჩ., რომელსაც ბრალად ედება სიძულვილის გაღვივება და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, დაკავებული იყო იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელიც  ეროვნული უმცირესობებისა და ებრაული თემის წინააღმდეგ მოქმედებდა.

„2023 წლის ნოემბერში დაკავებულმა ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამეს მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო. სქემის მიხედვით, პირი სანტა-კლაუსის ფორმას იცვამდა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მოწამლულ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინში, ებრაული სკოლების ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის მიწოდებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, დაკავების შემდეგ საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცავებს გადასცა სქემები საკუთარი გეგმის შესახებ, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“.

აშშ-ის პროკურორის, ბრეონ პისის თქმით, ვარაუდობენ, რომ ბრალდებული ცდილობდა, დაექირავებინა რამდენიმე პირი ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად, ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად.

აშშ-ის საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულს განზრახული ჰქონდა, თავდასხმა იმაზე მასშტაბური ყოფილიყო, ვიდრე 2011 წელს ნორვეგიაში, ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი თავდასხმა, რომელმაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.