,,დაიცავი არჩევნები” – ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა ახალი გაერთიანება დააფუძნეს

ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა დააფუძნეს ახალი მოძრაობა დაიცავი არჩევნები, რომელიც, მათი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, 17 ივლისს გაიმართა.

როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მათი გაერთიანება მზადაა, ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაში აქტიურად ჩაერთოს და ამისთვის მოხალისეებს შესაბამის ტრენინგებს უკვე უტარებენ.

ერთ-ერთი დამფუძნებლის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ქართული ოცნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად, როგორც მანამდე, ახლაც ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს, ასევე იქნება მოსყიდვა, ზეწოლა, ამიტომ ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარეებმა და წევრებმა გადაწყვიტეს, არჩევნების დასაკვირვებლად თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გააზიარონ.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პროფესიული გაერთიანება დაიცავი არჩევნები, რომელიც მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მოამზადოს, როგორც საარჩევნო მოხელეები, ისე საარჩევნო დამკვირვებლები, კომისიის წევრები და ა.შ. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს პრაქტიკული მუშაობა რამდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, უკვე ჩატარებულია ტრენინგები მათთან და ვაპირებთ, რომ ამ მხრივ მუშაობა გავაგრძელოთ”. – თქვა თარხნიშვილმა პრეზენტაციაზე.

გაერთიანების წარდგენისას სიტყვით გამოვიდა ცესკოს კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი. მან ელექტრონული არჩევნების გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანება ამ მიმართულებითაც იმუშავებს.

“არსებობს ობიექტური რისკები, რომ ის ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება ერთდროულად 2000-დე უბანში, არ არის სათანადოდ დატესტილი და შემოწმებული. აქამდე შუალედურ არჩევნებზე მხოლოდ რამდენიმე უბანში იყო ერთდროულად, მაშინ, როცა აქტივობა ძალიან დაბალი იყო, ხოლო ამ არჩევნებზე, სავარაუდოდ, აქტივობა ძალიან მაღალი იქნება. ეს ძალიან ბევრ ტექნიკურ პრობლემას შექმნის, რამაც, შეიძლება, უნდობლობა გაზარდოს. ტექნოლოგიებს თან ახლავს მათი ბოროტად გამოყენების რისკიც, რომლისგანაც ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში დაზღვეული არ ვართ და ვაპირებთ, ეს საკითხი შევისწავლოთ სიღრმისეულად”. – თქვა ხარატიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.