საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, იცავს მოსახლეობის ინტერესებს, დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, წინსვლა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა.
გუშინ ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო გაკეთებული. ხაზი გაესვა არსებულ ვითარებას, რა მიმართულებით გვიწევს მუშაობა, რა არის გამოწვევები, საფრთხეები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღესაც არსებობს საფრთხეები და არიან ძალები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ სურვილი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის. რა თქმა უნდა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, იცავს ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის ინტერესებს და ზეწოლის, მუქარის მიუხედავად, ეს დამოკიდებულება ბოლომდე ასე იქნება. ჩვენ შევინარჩუნებთ და გავატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ისე, როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.