პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირეს. გაბიტაშვილის კანდიდატურის მომხრე 80 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. რეგისტრაცია სულ პარლამენტის 88-მა წევრმა გაიარა.

გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატად საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. საბჭომ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. კენჭისყრაში საბჭოს 11-ივე წევრი მონაწილეობდა, ყველა მათგანმა ხმა სწორედ გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.

გიორგი გაბიტაშვილმა კარიერა 2007 წელს, საქართველოს პროკურატურაში, სტაჟირების პროგრამით დაიწყო. სტაჟირების დასრულებისთანავე, ის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორად დაინიშნა.

2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც ის 2013 წლამდე საქმიანობდა.

2013 წლის 14 იანვრიდან გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიული საქმიანობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გააგრძელა.

2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე კი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.