რუსეთში კარნეგის ფონდი არასასურველ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კარნეგის ფონდი არასასურველ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ფონდის საქმიანობა არასასურველად ჯერ კიდევ 1 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კარნეგის ფონდი აშშ-ში 1910 წელს შეიქმნა და ის საერთაშორისო საკითხებში ყველაზე ძველი ამერიკული საექსპერტო-ანალიტიკური ცენტრია. მოსკოვის კარნეგის ცენტრი 1993 წელს გაიხსნა. 2023 წელს ის „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანეს.

კარნეგის ფონდის გარდა არასასურველ ორგანიზაციათა სიაში ასევე გაზეთი The Moscow Times შეიყვანეს. 2024 წლის 12 ივლისის მონაცემებით, რუსეთში არასასურველი ორგანიზაციის სტატუსი 176 კომპანიას აქვს, მათ შორის არის მედია ორგანიზაციები „მედუზა“, „რადიო თავისუფლება“, ტელეკომპანია „დოჟდი“ და სხვები.