ზახაროვა: NATO-სთან ურთიერთობის გაღრმავებით, სომხეთი სერიოზული დესტაბილიზაციის რისკს ქმნის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას ბრიფინგზე ჰკითხეს, რით არის განპირობებული აშშ-ის მხრიდან სომხეთისადმი გამოვლენილი ინტერესი, რომლის ფარგლებშიც, ბოლო დროს ერევანს არაერთი ამერიკელი დიპლომატი ეწვია.

ამაზე პასუხად, ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთის მიზანია, ფეხი მოიკიდონ რეგიონში და ეს, სომხეთის ტერიტორიაზე გამოსდით.

ზახაროვას თქმით, როდესაც ერევანი თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს მათთან, „ვის მიზანსაც რუსეთის სტრატეგიული დამარცხება წარმოადგენს“, ამით კავკასიაში სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის რისკს ქმნის, „მათ შორის, საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ“.

„აშშ-ის და ევროკავშირის ამოცანაა, რეგიონში ფეხის მოკიდება სცადონ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ისეთი ტრადიციული პარტნიორებისა და მეზობლების ინტერესების საზიანოდ, როგორებიც არიან რუსეთი, ირანი და თურქეთი. როგორც ჩანს, მათ ეს სომხეთის ტერიტორიაზე გამოსდით. ერევანი NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას ამჯობინებს. მათ ვაშინგტონში, ალიანსის სამიტში მიიღეს მონაწილეობა. ერთობლივ სამხედრო მანევრებს ატარებენ. ამის ნათელი მაგალითია ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე სომხურ-ამერიკული წვრთნები Eagle Partner. ეს არა მხოლოდ სინანულს, არამედ სომხეთის მომავალთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, როგორც NATO-ს ეკონომიკური დეპარტამენტებმა, არაერთხელ ჩაატარეს მსგავსი თაღლითობები ბევრ სხვა ქვეყანას მიმართებით. ცნობილია, როგორ მთავრდება ეს – იყენებენ და შემდეგ ყრიან, როგორც გამოუსადეგარ ნივთს.

ასეთი ტემპით თანამშრომლობის გაღრმავებით მათთან, ვისი მიზანიც რუსეთის „სტრატეგიული დამარცხებაა“, ერევანი საკუთარი ხელით ქმნის კავკასიაში სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის რისკს, მათ შორის, საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ“, – ამბობს ზახაროვა.