გაეროს უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელის ყოფნა დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში უკანონოა. სასამართლო მოუწოდებს ისრაელს, დაასრულოს იმ ტერიტორიების ოკუპაცია, რომლებზეც პალესტინელები პრეტენზიას აცხადებენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის არის მიწების კონფისკაცია, ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებების აშენება და პალესტინელებისთვის ბუნებრივი რესურსებისა და თვითგამორკვევის უფლების ჩამორთმევა. სასამართლომ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს ახალი დასახლებების შექმნა და მიყენებული ზიანი აანაზღაუროს.
„ისრაელის მიერ ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის ბოროტად გამოყენება ოკუპირებული პალესტინური ტერიტორიის ანექსიისა და მუდმივი კონტროლის გზით, ასევე, პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების წართმევით, არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და ისრაელის ყოფნას ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიაზე უკანონოს ხდის“, – ნათქვამია სასამართლოს მოსაზრებაში.
მოსამართლე ნავაფ სალამმა, ICJ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ სასამართლომ დააფიქსირა, რომ „მიწის ფართომასშტაბიანი კონფისკაცია და ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ადგილობრივ მოსახლეობას საარსებო წყაროს ართმევს, რაც მათ წასვლას იწვევს“.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ისრაელის მიერ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადებამ ხელი შეუწყო „ისრაელის კონტროლის გამყარებას ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე“ და აღნიშნა, რომ ისრაელის დასახლებები დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში „საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“.
„საკონსულტაციო მოსაზრება არ არის იურიდიულად სავალდებულო, მაგრამ ატარებს მორალურ ავტორიტეტს და შეუძლია, ჩამოაყალიბოს საერთაშორისო სამართალი“, – აცხადებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო.