ყაზბეგის გამზირზე მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმის თვითმხილველი გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს გიკა მოდებაძე, რომელიც 19 ივლისს თბილისში, ყაზბეგის გამზიზრზე მოტოციკლის მძღოლის დაღუპვას შეესწრო.

მოდებაძემ მოტოციკლეტის საპატრულო პოლიციის მანქანაზე შეჯახების შემდეგ ვიდეო გადაიღო. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება მოდებაძეს პოლიციელი და ვიდეოც ამ მომენტში წყდება და არ ჩანს, უშუალოდ რისთვის მოხდა მისი დაკავება.

შემთხვევა გუშინ, დილის საათებში მოხდა. ყაზბეგის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანასთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. გუშინვე, ამ საქმეზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

“საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერია პროკურატურის განცხადებაში.