EU-ს საბჭომ სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის €10 მილიონის დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი სომხეთს დახმარებას ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გადასცემს.

“ამ დახმარების მიზანია, ხელი შევუწყოთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქალაქეების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებაში. დახმარება მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და მისი შეიარაღებული ძალების შეთავსებადობის დაჩქარებას ქვეყნის შესაძლო სამომავლო საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობისთვის, მათ შორის, ევროკავშირის მიერ წარმოებულში. კონკრეტულად, დამტკიცებული დახმარება ხელს შეუწყობს ბატალიონის ზომის ქვედანაყოფისთვის სრულფასოვანი კარვების ბანაკის უზრუნველყოფას”. – წერია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

ცნობისთვის, 17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისია მომავალ თვეებში სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.