ხორვატიაში, ქალაქ დარუვარში მოხუცებულთა თავშესაფარში სროლას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხორვატიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 22 ივლისს მამაკაცი მოხუცებულთა თავშესაფარში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
როგორც ცნობილია, ხუთი ადამიანი თავდასხმისას ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
“შეძრწუნებულები ვართ ხუთი ადამიანის მკვლელობით მოხუცებულთა თავშესაფარში. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ დაჭრილები გამოჯანმრთელდებიან. კომპეტენტური სამსახურებისგან ველი ამ საშინელი დანაშაულის გარემოებების გამოძიებას” – თქვა ხორვატიის პრემიერმინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის მალევე პოლიციამ დაიჭირა. გამოძიება ისევ მიმდინარეობს და ხორვატიული მედიისთვის პოლიციას დამატებით სხვა ინფორმაცია არ მიუწოდებია.