პარიზმა ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი ჟურნალისტები არ დაუშვა ჯაშუშობის საფრთხის გამო

ჯაშუშობის საფრთხის გამო საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზის ოლიმპიადაზე ასამდე პირი – ჟურნალისტები, ფიზიოთერაპევტები და ტექნიკური პერსონალი არ დაუშვა. მიზეზად ჯაშუშობის საფრთხე სახელდება. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა ჟურნალ Le Journal du Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, სიაში, ძირითადად, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები მოხვდნენ, ასევე იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც ის არ ასახელებს.

„დაზვერვის და ტრადიციული ჯაშუშობის გარდა, არსებობს ამ პირთა მხრიდან კომპიუტერულ ქსელებზე წვდომის საფრთხე კიბერშეტევის განხორციელების მიზნით“, – განაცხადა დარმანენმა.

შს მინისტრმა ასევე დააზუსტა, რომ თამაშებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მომუშავე რუსეთის მოქალაქეები დაესწრებიან.

დარმანენის თქმით, საერთო ჯამში საფრანგეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა მილიონამდე ადამიანი შეამოწმეს, რომლებიც ილიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გეგმავდნენ. თამაშებზე დასწრებაზე უარი ეთქვა 4 ათასამდე პირს. საუბარია რადიკალურ მოძრაობებთან დაკავშირებულ ადამიანებზე, ასევე იმ პირებზე, ვინც საფრანგეთის უსაფრთხოებას ემუქრება, წარმოადგენს ულტრამემარჯვენე ან ულტრამემარცხენე ორგანიზაციებს.

ოლიმპიური თამაშები საფრანგეთში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ტარდება.