ტრაგედიაა, როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ “ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე”.

„ოპოზიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. რა თქმა უნდა, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების მიმართ. ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ყველაფერი, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული. კარგად ვიცით, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრებთან, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, რა ფორმით ეპყრობოდნენ. 2012 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი სისტემური პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა. დიდი ირონიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე ან, ზოგადად, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ეს არა თუ ღიმილის მომგვრელია, არამედ ტრაგედიაა. „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს პატიმრებზე, რაც მაჩვენებელია იმ პოლიტიკური უნამუსობის, რისი მატარებელიც ეს პოლიტიკური გაერთიანებაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.