ვის და რატომ უჭერენ მხარს ილონ მასკის მეგობრები აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე

ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნის შემდეგ რამდენიმე წუთშივე, ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ მისი მეგობრები, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების ცენტრ Silicon Valley-ის წარმოადგენენ, უკვე გადავიდნენ რესპუბლიკელების მხარეს.

“ჩემი ყველაზე ჭკვიანი მეგობრები, მათი ჩათვლით, ვინც სან ფრანცისკოს სანაპირო ზოლში ცხოვრობენ და მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე დემოკრატების ამომრჩევლები იყვნენ, ახლა ტრამპ/ვენსით არიან აღფრთოვანებულნი” – დაწერა მასკმა თავისსავე პლატფორმა X-ზე.

თავად მასკი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი და საკამათო მილიარდერი “სილიკონ ველიში”, როგორც ცნობილია, ტრამპის მხარდამჭერია. მან 14 ივლისს, ტრამპზე განხორციელებული სროლების შემდეგ, დაუყოვნებლივ გამოაცხადა, რომ ტრამპს “სრულად და სავსებით” უჭერს მხარს.

ილონ მასკი მიანიშნებს, რომ ტექნოლოგიების ინდუსტრიამ თავისი პრიორიტეტები შეცვალა, საპრეზიდენტო კანდიდატებთან მიმართებაში. მასკმა, სხვათა შორის, თქვა, რომ შეერთებული შტატების საკეთილდღეოდ უკეთესი ვარიანტი დღეს “რესპუბლიკური პარტიაა”.

“მე მწამს იმ ამერიკის, რომელსაც ყოველი ცალკეული ადამიანის თავისუფლება და კეთილდღეობა მაქსიმუმამდე მიჰყავს. უწინ ეს იყო დემოკრატიული პარტია, მაგრამ ახლა ვითარება რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოდ შეიცვალა” – დაწერა მასკმა თავის პლატფორმაზე.

“სილიკონ ველის” რამდენიმე ტოპ-ინვესტორმა უკანასკნელ თვეებში ტრამპის გარშემო შემოკრება დაიწყო. გასულ კვირაში კონსალტინგური კომპანიის, Andreessen Horowitz-ის დამფუძნებლებმა, ბენ ჰორვიცმა და მარ ანდრეესენმა ტრამპის სასარგებლოდ რამდენიმე მილიონი დოლარი შეიტანეს. “ბოდიში, დედა, ვიცი, რომ შენ ამის გამო გამიბრაზდები, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა” – გამოაცხადა ჰორვიცმა.

ამასობაში კონსერვატორებმა, Paypal-ის თანადამფუძნებელმა პიტერ თილმა და Palantir-ის თანადამფუძნებელმა ჯო ლონდსეილმა თავიანთი მხარდაჭერა ასევე ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს გამოუცხადეს. “სილიკონ ველიში” განწყობების ამგვარ ცვლილებას ხელი შეუწყო ტრამპის მიერ დასახელებულმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯი-დი ვენსმაც, რომელმაც თავისი კარიერა რისკების კაპიტალის სფეროში დაიწყო. ვენსი, ვიდრე იგი ოჰაიოს სენატორი გახდებოდა, სწორედ თილის კომპანიაში (Mithril Capital) მუშაობდა.

ილონ მასკმა თავისი პლატფორმა X-იც შეაქო. “თეთრი სახლის თანამშრომლებმა ბაიდენის გადადგომის შესახებ X-იდან გაიგეს” – განაცხადა მან.