სომხეთის სწრაფი დაახლოება ევროკავშრთან – მამუკა არეშიძის შეფასება

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა. რითია განპირობებული სომხეთის ასეთი სწრაფი დაახლოება ევროპასთან და როგორ ეს აისახება ჩვენს რეგიონზე.

არარატ მირზოიანმა ევროკავშირს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს, ევროპული ფონდის გარფლებში სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოყოფისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მირზოიანმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის შეფასებით, სომხეთმა თავისი ვექტორული პოლიტიკა შეცვალა, იმისათვის, რომ ეს სტაბილური ყოფილიყო დასავლეთმა დააჩქარა ეს ურთიერთობა. როგორც მან აღნიშნა, სომხურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათი ხალხისთვის ფაქტები ჰქონოდათ. გარდა ამისა, არეშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა ნაბიჯმა სომხეთი უფრო გააქტიურა.

„სომხეთის ასე სწრაფი დაახლოება ევროპასთან განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სომხეთმა თავისი ვექტორული პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვექტორული პოლიტიკის ცვლილება სტაბილური იყოს, დასავლეთს სჭირდებოდა ფორსირებული ურთიერთობა სომხეთთან.

„ამიტომ მოხდა ეს ასე ძალიან დაჩქარებულად, რადგან სომხეთმა აზრი არ შეიცვალოს. საქმე იმაშია, რომ სომხეთის გარკვეული ნაწილი ამ ვექტორის შეცვლას ეჭვის თვალით უყურებს და მთავრობისგან გარანტიებს ითხოვს, რადგან რუსეთისგან მიტოვებული სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის მსხვერპლი არ გახდეს.

„სწორედ ამიტომ, სომხურმა დიასპორამ და დღევანდელმა სომხურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ურთიერთობა დასავლეთთან დაჩქრებული ყოფილიყო და სადემონსტრაციოდ თავისი საზოგადოების წინაშე ფაქტები ჰქონოდათ. ესაა მიზეზი ასე სწრაფად, რომ ხდება ყველაფერი.

„საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელისთვის მიუღებელია, ამან წყალი დაასხა სომხეთის აქტიურობაზე და უფრო მეტი შედეგი მისცა”, -აღნიშნა არეშიძემ.

როგორც არეშიძე ამბობს, ეს როგორ აისახება ჩვენს რეგიონზე, რთული პროგნოზირებადია, რადგან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებზე და ასევე, მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.

„რაც შეეხება ჩვენი რეგიონის მდგომარეობას, ჯერ-ჯერობით ისეთი არაფერი გამოკვეთილი არ არის იმიტომ, რომ ვექტორული ცვლილებები, რომელიც ახლა სომხეთში მიმდინარეობს, ყველაფერი არის მიბმული იმ გეოპოლიტიკურ წრეზე, რომელიც ზოგადად რეგიონში ხდება, ვგულისხმობ ევრაზიულ რეგიონს, ანუ მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, ამ წესრიგის შექმნის მცდელობები გვაქვს.

„ყველა მსხვილი თუ წვრილი პოლიტიკური მოთამაშე ცდილობს რაც შეიძლება უკეთესი სასტარტო მდგომარეობა ჰქონდეს ხვალინდელი დღისათვის. ამიტომ პროგნოზირება იმისა, თუ რა მოხდება ჩვენს რეგიონში, რთული სათქმელია, რადგან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგებზე ძალიან ბევრი რამეა მიბმული, ასევე, იმაზეც თუ რამდენად მალე მოეწერება ხელი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას და როგორ დასრულდება ეს სამშვიდობო მოლაპარაკება.

„ამრიგად, ჩვენი ხვალიდნელი დღე ბევრად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და ამ შექმნილ ვითარებაში რამდენად მოქნილად იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება”, – აცხადებს მამუკა არეშიძე „რეზონანსთან”.