უკრაინაში მებრძოლი ლაშა რუხაია თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოიკითხა – ქართველი ჯარისკაცის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც ლაშა რუხაია ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, დაკითხვისას მთავარი აქცენტები გამოიკვეთა. კერძოდ, სუს-ი დაინტერესდა იმით, აქვთ თუ არა კომუნიკაცია უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ზურაბ ადეიშვილთან.
ლაშა რუხაიას ცნობით, კითხვები ასევე ქართული ლეგიონის ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილისა და მიხეილ ბატურინის შესახებაც დაუსვეს.
მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ამ გადატრიალების მუხლებზე მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ასე მიბარებს სუს-ი. ვიღაცებს იცნობ თუ არაო, ზოგიერთს ვიცნობ ინტერნეტით, არასდროს შევხვედრილვარ. ვინც დაიბარეს, იმათ ვიცნობით. ერთ-ერთი ჩემი მეგობარია ლაშა ჭიღლაძე, რამდენიმეს არ ვიცნობდი. აინტერესებს, ვინ იყო ჩემი მეგობარი უკრაინაში. ბატონ მიშა ბატირენთან ვმეგობრობ თუ არა, ვმეგობრობ წლებია. ბატონი მამუკა მამულაშვილი იყო თუ არა ლეგიონის ხელმძღვანელი. რაღაც უაზრო კითხვები იყო”, – ამბობს ლაშა რუხაია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ “ტერაქტთან დაკავშირებით” გააფრთხილა.
23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”
მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
12 ივნისს სუს-ის უფროსმა აღნიშნულ თემაზე თქვა, რომ “გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ არის”.